საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რიგი ქვეყნები შეთანხმდნენ „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე.
ე.წ. მაგნიტსკის ევროპულ სიას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ.
ქვეყნების ჩამონათვალში არ არის საქართველო. რადიო თავისუფლება საქართველოს მთავრობის პოზიციის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
განახლება: 19 დეკემბერს საგარეო უწყებითან წერილობით გვაცნობეს, რომ „საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები".
რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკას, როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი".
განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სანქციებს შეუერთდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ დროისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნები დოკუმენტში აღარ გვხვდებიან.
2020 წელს „მაგნიტსკის ევროპულ სიას“ ოფიციალური თბილისი შეუერთდა, თუმცა მოგვიანებით მიღებულ გადაწყვეტილებებში საქართველო არ ფიგურირებს.
„მაგნიტსკის სიის“ ევროპული ანალოგი გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო“ და ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების დაბლოკვას. ის ეხებათ სამართალდამცავი სტრუქტურების და კომპანიების წარმომადგენლებს რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ სანქციებს კი საქართველომ მხარი დაუჭირა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი მოიცავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოებას.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ასევე ნახეთ გზა კანდიდატობამდე და რას მოიტანს სტატუსი?რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკის 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის საპატიმროში, მას შემდეგ, რაც მან რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და ხელისუფლებას ბრალი დასდო სახელმწიფოსგან 230 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის მითვისებაში თაღლითური სქემის მეშვეობით.
აშშ-მა 2012 წელს მიიღო „მაგნიტსკის აქტი“, რომლითაც სანქციები დაუწესდა რუსეთის მრავალ ოფიციალურ პირს.