ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა და გერმანელმა კოლეგამ ანნალენა ბაერბოკმა მოითხოვეს ღაზაში "მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა".
„ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს უბრალოდ ბრძოლის დასრულება დღეს. ეს უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება დღეები, წლები, თაობები. ამიტომ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მდგრადია“ - წერს ორი მინისტრი Sunday Times-ის ერთობლივ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა შაბათს.
მინისტრებს არ სჯერათ, რომ „დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა“ შედეგიანი იქნება.
„ჰამასმა ბარბაროსულად შეუტია ისრაელს და დღესაც ისვრის რაკეტებს ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად. ჰამასმა უნდა დადოს იარაღი“, - აცხადებენ ისინი.
მინისტრების თქმით, „ღაზაში ჰამასის ხელისუფლებაში დატოვება იქნება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზის მუდმივი ბლოკირება“.
სამშაბათს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნას, მაგრამ ბრიტანეთმა და გერმანიამ თავი შეიკავეს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის არასავალდებულო კენჭისყრაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, შაბათს გვიან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი „ერთგულია ომისადმი, როგორც არასდროს“ და იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ ღაზა „დემილიტარიზდება და ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცევა, ჰამასის დამარცხების შემდეგ“.
ისრაელის ჯარის (IDF) მიერ სამი ებრაელი მძევლის მკვლელობამ - რომლებიც ჰამასმა გაიტაცა 7 ოქტომბერს - გამოიწვია აღშფოთება და უკმაყოფილება ისრაელის მოქალაქეებში, რომლებიც ღაზაში დარჩენილი მძევლების უსაფრთხო დაბრუნებას მოითხოვენ.
ისრაელის მედიაში IDF-ის გამოძიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა კაცი როგორღაც გაექცნენ ჰამასს და მიუახლოვდნენ IDF-ის პოზიციას. ერთ-ერთ კაცს ეჭირა ჯოხი, თეთრი ქსოვილით. ისრაელელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. მძევლებიდან ორი მაშინვე მაშნვე მიწაზე დაეცა, მესამე კი მიმდებარე შენობაში გაიქცა. ადგილზე მეთაურმა დანაყოფს შენობაში შესვლა დაავალა, სადაც ჯარისკაცებმა მესამე მძევალიც მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ ის დახმარებას ებრაულად ითხოვდა.
დაღუპულთა რიცხვი ღაზის სექტორში - მშვიდობიანებისა და მებრძოლების - ახლა თითქმის 19,000-ია, ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით. სანაპირო ზოლში, მთელი უბნები ძირითადად ნანგრევებად იქცა და 2.3 მილიონი მოსახლეობიდან 1.8 მილიონი იძულებით გადაადგილებულია.