ევროკავშირის ელჩმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართულად მიულოცა: საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც მთავრობის ორგანიზებით აღინიშნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მისი თქმით, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა პირველი ახსენა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის შესახებაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე “არაფერი ესაქმება“.

"მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ! გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა!

ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.

კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!”

წინ, საქართველო, წინ!" - თქვა მან.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში სურვილი გამოთქვა, რომ თუკი საშუალება მიეცემა, მზად არის სცენიდან მიმართოს მოქალაქეებს.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.