67 შეკითხვა და 12 კლიშე - პუტინის ბინგო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესკონფერენციაზე. 14 დეკემბერი, 2023 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობასა და ჟურნალისტებთან ყოველწლიური კითხვა-პასუხი 2023 წლის მიწურულს მეოცედ გამართა. ოპოზიციური მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ბევრი კი ილაპარაკა, მაგრამ ახალი ბევრი არაფერი უთქვამს.

ოთხ საათზე მეტი მან დაუთმო უკრაინის ომზე, კვერცხის ფასზე, აბორტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს.

როდის დასრულდება ომი უკრაინაში?

“მაშინ, როდესაც ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. მიზნები კი უცვლელია: უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და მისი ნეიტრალური სტატუსი”, - თქვა ვლადიმირ პუტინმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

14 დეკემბერს, მოსკოვში, პუტინი პასუხობდა როგორც ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების კითხვებს. კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს შეკითხვა 2 მილიონზე მეტმა რუსმა გაუგზავნა.

მობილიზაცია? ამჟამად ამის საჭიროება არ არის, თქვა პუტინმა და განმარტა, რომ უკრაინაში ახლა 617 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძვის და ასეულობით ათასი მოსახლისე მზადაა, მათ შეუერთდეს.

ეს რიცხვი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში, სულ ცოტა, 322 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, - დაითვალა ოპოზიციურმა გამოცემა “სოტამ”.

სულ ეს იყო, უკრაინაში ომზე პუტინს მეტი აღარ ულაპარაკია, რითაც ბევრი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი გააკვირვა.

მწვავე კითხვების გარეშე

ბოლო კვირებია, რუსი ჯარისკაცების ცოლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავენ და ქმრების დაბრუნებას ითხოვენ.

მათ შესახებ პრეზიდენტისთვის არავის არაფერი უკითხავს.

თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მწვავე კითხვებს პუტინის პრესკონფერენციებზე დიდი ხანია ტაბუ ადევს.

არავის უხსენებია დაპატიმრებული მთავარი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გაუჩინარება, ომის მოწინააღმდეგეების ან ლგბტ ადამიანების დევნა, პუტინის ყოფილი „მზარეულის“, ევგენი პრიგოჟინის ჩაშლილი ამბოხი და მისი იდუმალი სიკვდილი.

პრესკონფერენციას ასეულობით რუსული და უცხოური გამოცემის ჟურნალისტი ესწრებოდა, მაგრამ უხერხული კითხვა მხოლოდ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტმა დასვა.

იგი დაინტერესდა, რა ბედი ეწევა წელს რუსეთში ჯაშუშობისთვის დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს. პუტინმა მიუგო, რომ მზადაა აშშ-ს მის გათავისუფლებაზე მოელაპარაკოს.

„რომელი დიდი ოპოზიციონერი ეგ მყავს, რომ ვდევნოთ?“ - ასე უპასუხა პუტინმა კითხვას კიდევ ერთ დაპატიმრებულ რუს ჟურნალისტზე. საუბარია ალექსანდრა ბაიაზიტოვაზე, რომელსაც ნოემბერში ფულის გამოძალვის ბრალდებით 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

არ დასმულა ისეთი კითხვებიც, რომელთაც კრემლის პროპაგანდისტები ელოდნენ. მაგალითად, 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე დღის წინ პუტინმა თქვა, რომ აპირებს, კენჭი იყაროს (უკვე მეხუთე ვადით).

სიტყვის თავისუფლების ილუზია

ეთერის დროს ეკრანებზე ჩნდებოდა ინტერნეტით და სმს-ით მისული კითხვები. ზოგი კრიტიკული იყო, მაგრამ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების შეფასებით, მაინც დავარცხნილი.

  • „გამარჯობა, როგორ გადავცხოვრდე იმ რუსეთში, რომელსაც პირველი არხი გვიჩვენებს?“
  • რატომ მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება ისე, რომ გვიწევს თქვენ მოგმართოთ?“
  • „თქვენი რეალობა ჩვენს სინამდვილეს რატომ ასცდა?“

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ ათეულობით კრიტიკული კითხვიდან, რომლებიც პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

ასეთი რამ პუტინის ეთერში 2017 წელსაც მოხდა. მაშინ „ბი-ბი-სის“ რუსულმა სამსახურმა დაწერა, რომ კითხვებს განგებ ტოვებენ. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლების ილუზია შექმნან.

პუტინის ბინგო

სულ პუტინმა 67 კითხვას უპასუხა. დაჰპირდა რუსებს კვერცხის გაიაფებას, აბორტების ბოლომდე არაკრძალვას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეკონომიკის სასიკეთოდ.

მოკლედ, ყველაფერმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა.

პუტინს არც თავისი საყვარელი კლიშეები დავიწყებია. უკვე წლებია, რუსულ ინტერნეტში ხუმრობენ, რომ წინასწარ შეიძლება იმის გამოცნობა, თუ რას იტყვის პუტინი თავის საჯარო გამოსვლაში.

პუტინმა გამოტოვა მხოლოდ მე-7, მე-10 და მე-15 სიტყვათშეთანხმება.

ბოლო დროს, მისი „რეპერტუარი“ მეტ-ნაკლებად უცვლელია: უკრაინა სახელმწიფო არაა და მას ნაცისტები მართავენ, ომი კოლექტიურმა დასავლეთმა დაიწყო, სანქციებმა რუსეთს ვერაფერი დააკლო, - აი, ევროპა კი დაღუპა.

ეს იყო პუტინის მეოცე ყოველწლიური პრესკონფერენცია და პირველი - უკრაინაში შეჭრის შემდეგ. შარშან, წლის ბოლოს, როდესაც უკრაინის კონტრშეტევამ რუსულ ჯარს უკან დაახევინა, შეხვედრა არ გამართულა.