ელჩი ჰერჩინსკი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავენ.

“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის…”, - ამბობს მიმართვაში ელჩი ჰერჩინსკი.

დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის მიწურულს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები:

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".

ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, რომელზეც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.