ნიკა მელია: სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა და აღნიშნა, რომ მიდის “წინ, მომავლისკენ”, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს ამ პარტიის ლიდერზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია. ამავდროულად, მელია გამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში.

"თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა: შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე. მორალურად გამიმარტივდება", - უთხრა მელიამ რადიო თავისუფლებას. მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, ნიკა მელია ხშირად საუბრობს ამ პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის "არაფორმალურ მმართველობაზე" და თითქმის არ პასუხობს კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"[ეს] არ ნიშნავს, რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წამმოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად", - თქვა ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ახალი პარტიის პრეზენტაციას ის 2024 წლის დასაწყისში გეგმავს და ამბობს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებთან გაერთიანება არ განიხილება.

ნიკა მელიამ 7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში ლევან ხაბეიშვილთან დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.