ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთი

13 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 116-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე მოითხოვენ ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას.

ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, 6 ნოემბერს კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი თამაზ გინტური მოკლა.

კირბალის ლომისის ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თამაზ გინტური მოკლეს, ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს. საოკუპაციო ხაზს, რომელსაც ცხინვალი საზღვარს უწოდებს, რუსეთის "ეფესბე" დარაჯობს.

58 წლის თამაზ გინტური, რომელიც ეკლესიაში თანასოფლელებთან ერთად იყო ასული, 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, გაიტაცეს მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი, რომლის გათავისუფლებაც სამ დღეში მოხერხდა.

ერგნეთის 13 დეკემბრის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება. საქართველოს ხელისუფლება დამნაშავის დასჯას მოითხოვს. შს სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.