მარგველაშვილი ზურაბიშვილს: სულისკვეთებას ვიზიარებ, ზეგინდელ შეკრებაზე არ მივალ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არ მივა მოქმედი პრეზიდენტის ორგანიზებულ შეკრებაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - დახურვაზე უმასპინძლოს მოქმედ და ყოფილ პრემიერებს, მინისტრებსა და ელჩებს.

რადიო თავისუფლებასთან კომენტარში მარგველაშვილი ამბობს, რომ შეკრების სულისკვეთებას სრულად იზიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, პეტიციაზე ხელმოწერა შესთავაზონ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც. მისივე სიტყვებით, მოქმედმა პრეზიდენტმა "საჯაროდ არ გაუსვა ხაზი, რომ [ყოფილი] პრეზიდენტი იქ უნდა იყოს".

"მიხეილ სააკაშვილს არ შესთავაზო ხელის მოწერა, ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია. ზეგინდელ შეკრებაზე არანაირად არ მივალ, როდესაც პრეზიდენტი პრეზიდენტს არ იწვევს... მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკრების სულისკვეთებას ვიზიარებ, მოვუწოდებ ყველას, მივიდეს... მე როგორ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუ იმ შეკრებაზე მივალ, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტმა არ მიიწვია, უფრო სწორედ, საჯაროდ ხაზი არ გაუსვა, რომ პრეზიდენტი იქ უნდა იყოს", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიწვევა მიიღო, თუმცა უპასუხა, რომ აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვის ვალდებულება:

"ვუთხარი, რომ კარგია ერთობა, მაგრამ ვალდებულება მაქვს, დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამას ვაკეთებდი მე, როდესაც მიპირისპირდებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, მუდმივად ვიცავდი პრეზიდენტის ინსტიტუტს. ახლა კიდევ მომიხდა ამ ინსტიტუტის დაცვა".

სალომე ზურაბიშვილი 13 დეკემბრის შეკრებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს. 9 დეკემბერს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის დროს, მან კამპანიის დასკვნითი შეკრების შესახებაც ილაპარაკა:

"მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი - დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცებ რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება - არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ, ვინ მეტი თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება".

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "შენი ხმა ევროპას" დაიწყო 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 15 დეკემბერს გამოაცხადებს.