ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს - NDI-ის კვლევა

ფოტო არქივიდან

საქართველოში უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. ამის შესახებ წერია NDI-ის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებად სახელდება:

  • ​უმუშევრობა - 58%;
  • დაბალი ხელფასები - 48%;
  • ფასების ზრდა - 43%;
  • სიღარიბე - 23%.

"სხვა ჯგუფებთან შედარებით, უმუშევრობა ყველაზე ნაკლებად პრობლემური თბილისის მცხოვრებლებისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვისაა", - წერია კვლევაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ "ბოლო ორი წლის მანძილზე, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა".

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ:

  • ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს;
  • მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 45% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზე და ტანსაცმელზე, თუმცა არ შეუძლია ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. იმის მიუხედავად, რომ შემცირებულია იმ ადამიანების წილი, ვინც ამბობს, რომ ფული არ ჰყოფნის საკვებზე, ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება. გამოკითხულთა უმრავლესობას (58%) "ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს".

"ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის", - წერია NDI-ის კვლევაში.

კვლევა შეეხება ასევე ემიგრაციაში ყოფნასა და წასვლის სურვილს:

  • "დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის";
  • "დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს";
  • "უმრავლესობა (62%) ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა".

საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირისპირ გამოკითხვის გზით ჩაატარა "CRRC საქართველომ". კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

სულ გამოიკითხა 2068 ადამიანი, საშუალო ცდომილებაა 2,2 პროცენტი.