რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტო "აიაშარის" გამოქვეყნებულ კომენტარში მის ცემაზე არაფერია ნათქვამი. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო "აიაშარისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს "გალის რაიონის შსს-ს განყოფილებში შევიდა სატელეფონო შეტყობინება", რომ „გალის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვინმე მოქალაქე ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 30.08.1979 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები ვიტალი იავანეს ძე კარბაია 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს მორიგე განყოფილებაში გადაიყვანა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, კარბაიამ „გააგრძელა უცენზურო გამონათქვამები მილიციის თანამშრომლების მისამართით, მითითებებზე არ რეაგირებდა, პირადობის შემოწმებისა და განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ, კარბაია ვ.ი. მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის“.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე, „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია ვ.ი. გაშვებულ იქნა“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში.
როგორც „აიაშარა“ ტელეგრამის არხზე წერს, „შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 2023 წლის 9 დეკემბერს, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა".
„კარბაია ვ.ი-ს გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ“, - ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ „ძვლები, ნეკნები დამტვრეული აქვს“ - ამბობს ოკუპირებულ გალში სასიკვდილოდ ნაცემ თემურ კარბაიას რძალირუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა".
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.