სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

ნათია ჯულაყიძე, ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის პრესსამსახურმა დაუდასტურა. მათი თქმით, ნათია ჯულაყიძემ პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაახლოებით, თვენახევრის წინ დატოვა.

ნათია ჯულაყიძე ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა. იგი იოსელიანის ყოფილი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია. პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბავშვობის მეგობრები არიან.

ასევე ნახეთ ომბუდსმენის ახალი მოადგილე ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია

ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას.