საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ჩეხეთს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის გასაშუქებლად აკრედიტაციის ვადა მედიისთვის დღეს, 8 დეკემბერს, ამოიწურა. შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.
საქართველოს პრეზიდენტი უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის შემდეგ, 10-11 ნოემბერს, პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია.
ასევე ნახეთ „გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა" - ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი პარიზში ფორუმს დაესწრებიანკონსტიტუციის თანახმად, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.