ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნები 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 101-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ვწყვეტ:

1.გამოცხადდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა 2024 წლის 7 თებერვალს და მისი ჩატარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით“, - ნათქვამია ბრძანებაში.

უცნობია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი. პრეზიდენტის არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წელს იყო, მომდევნო არჩევნები 7 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. ჰეიდარ ალიევი ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა.

ილჰამ ალიევმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტობა მხოლოდ ზედიზედ ორი ვადით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი მან ამ პოსტზე ყოფნის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2016 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა.

პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი აპირებს თანამდებობა შვილს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცეს.