ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლო შეთანხმება ფინანსურ პაკეტზე, რომელიც აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.
სენატში 6 დეკემბერს ჩატარდა დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა. მომხრე იყო 49 სენატორი, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან სულ მცირე 60 სენატორის მხარდაჭერა.
ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით.
დემოკრატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის(61 მილიარდი) და ისრაელის დასახმარებლად და სამხრეთის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლიტიკური შანტაჟი უწოდა რესპუბლიკელების მუქარას, რომ მათი მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება.
კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. ვითარებას ის ართულებს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება.
რამდენიმე დღეა ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.
ასევე ნახეთ "ამერიკის დახმარების გარეშე ომის წაგების დიდი რისკია"6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.
თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
ასევე ნახეთ თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხა და დრო იწურებაპენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.