ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, შობამდე დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე. ვაშინგტონი, 1 მარტი, 2022.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს კონგრესის წინაშე გამოვიდა. მან მოითხოვა, რომ კონგრესმა უახლოეს ვადებში, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების დაფინანსება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევის დახმარების თაობაზე შეთანხმება გადაუდებელი საქმეა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე შეიძლება სათუო გახდეს უკრაინის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება სხვა მოკავშირეების - ევროპის ქვეყნების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მიერ.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი არ შეჩერდება უკრაინაზე და შეძლებს თავს დაესხას აშშ-ის სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის ნატოს შემადგენლობაში შემავალსაც. „ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ამერიკის ჯარები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოლებენ“, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იტყობინება, რომ აშშ უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის მოცულობა 175 მილიონი დოლარია. მაგრამ პარლამენტმა კიდევ უნდა დაამტკიცოს ან უკუაგდოს სამხედრო დახმარების ბიუჯეტი მომავალი წლისთვის.

ოქტომბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საერთაშორისო უსაფრთხოების დასაფინანსებლად, მათ შორის დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის. საერთო ჯამში მისი მოცულობაა 105 მილიარდი დოლარი, აქედან უკრაინის წილი 60 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა ყოფილიყო.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც რესპუბლიკელები დომინირებენ, მოიწონა კანონპროექტი ისრაელისთვის, მაგრამ არა უკრაინისთვის ფულის გამოყოფის თაობაზე, რის შემდეგაც დემოკრატებმა დოკუმენტი სენატში დაბლოკეს. ორშაბათს თეთრი სახლის საბიუჯეტო მმართველობის დირექტორმა შაანგა იანგმა წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და შეატყობინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას წლის ბოლოსთვის დაუმთავრდება რესურსები უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის მისაწოდებლად.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკანასკნელ მომენტში გააუქმა თავისი გამოსვლა აშშ-ის სენატის წევრთა წინაშე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინის დახმარების პაკეტი. მან განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაჭიანურება ზრდის რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხების საფრთხეს. „ჩვენ გაგვიჭირდება ამავე პოზიციებზე გაჩერება და უბრალოდ გადარჩენა“, - დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ვიდეოკავშირით გამოვიდა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა წინაშე. მან განაცხადა, რომ თუკი უკრაინის მოკავშირე ქვეყნები კვლავაც შეკავშირებულნი იქნებიან და გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, უკრაინას ყველანაირი შანსი აქვს, ზამთარში შეინარჩუნოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს წარმატებული კონტრიერიში. „რუსეთს მხოლოდ ერთი რამის იმედი აქვს - რომ მომავალ წელს დაიშლება მსოფლიოს კონსოლიდაცია და სწამს, რომ ამერიკა და ევროპა სისუსტეს გამოავლენენ და სათანადო დონეზე არ შეინარჩუნებენ უკრაინის დახმარებას“, - თქვა მან.