უკრაინა პირველია მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების რეიტინგში

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხერსონის ოლქში

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთ წელიწადში უკრაინა იქცა ქვეყნად, სადაც მილიტარიზაციის ყველაზე მაღალი დონეა.

ბონის კონფლიქტების შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნა „მილიტარიზაციის გლობალური ინდექსი 2023“, რომელიც 149 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში, რომელიც 2003 წლიდან მზადდება, წელს პირველ ადგილზე უკრაინაა. შარშან უკრაინა 18 პოზიციით უკან იყო.

2007 წლიდან რეიტინგში პირველობას ინარჩუნებდა ისრაელი, რომელმაც 2023 წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, ანგარიშში არ არის ასახული ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან" 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომისთვის გაწეული სამხედრო ხარჯები.

რეიტინგის პირველ ათეულში არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც.

საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები ქვეყნების მილიტარიზაციის დონეს აფასებენ სამხედრო ხარჯების მოცულობით, სამხედრო მოსამსახურეების და მძიმე შეიარაღების რაოდენობით და სამხედრო სფეროს და სხვა დანარჩენი სფეროებისთვის დახარჯული რესურსების თანაფარდობით.

2023 წლის „მილიტარიზაციის ინდექსში“ საქართველო 43-ე ადგილზეა.