კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, შვილმა პაველმა მოიპოვა კონტროლი ორ კომპანიაზე, რომლებიც ადრე მამას ეკუთვნოდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება ტელეგრამის არხ Daily Storm-სა და „სპარკ-ინტერფაქსზე“ დაყრდნობით.
ლაპარაკია „კონკორდ მენეჯმენტ ენდ კონსალთინგსა“ და „კონკორდ კეიტერინგზე“, რომლებიც საკვების მიწოდებით არიან დაკავებულნი და მილიარდობით მანეთის მოგება მიიღეს მთავრობის შეკვეთების წყალობით.
ასევე ნახეთ
"როსია 1" ლაპარაკობს ჯგუფ "ვაგნერთან" გაფორმებულ, ასობით მილიარდი რუბლის ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტებზეგაზეთი „ფონტანკა“, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ევგენი პრიგოჟინის ვაჟი გახდა "რწმუნებით მემკვიდრე“ იმ ოფიციალური საქმის მიხედვით, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბერს გაიხსნა.
- 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
- ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
- 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი მოსკოვისკენ დაიძრა.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
- პრიგოჟინის და "ვაგნერის" მებრძოლების მოკლე ამბოხების მოწყობიდან რამდენიმე დღეში, 27 ივნისს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს კერძო სამხედრო კომპანია მთლიანად სახელმწიფოსგან იყო დაფინანსებული. პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე "ვაგნერელებმა" რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღეს 86 მილიარდ რუბლზე მეტი. პუტინის თქმით, პრიგოჟინის კომპანია "კონკორდმა" ერთ წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა სამხედროებისთვის კვების მიწოდებაზე, დაზღვევაზე დაიხარჯა 110 მილიარდ რუბლზე მეტი. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელისუფლება აპირებს გაერკვეს "კონკორდის" შემოსავლებში.