14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
"ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო", - წერს ორბანი.
4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.
უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს.
ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს უქმნის საფრთხეს.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა.
ასევე ნახეთ ბუდაპეშტის გამბიტი, ორბანის ბრიუსელთან თამაში და საფრთხე, რომელიც საქართველოს სტატუსს ელისრადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, "დიდი ალბათობით, მომავალ კვირას 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან მას პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით".
და თუკი უკრაინის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ეს საქართველოზეც იქონიებს გავლენას: "საქართველოს კანდიდატის სტატუსი რისკის ქვეშაა. უკრაინა გორდიას კვანძია. თუკი უკრაინისთვის მწვანე შუქი არ აინთება მომავალ კვირას, არც სხვებისთვის აინთება, მათ შორის თბილისისთვის", - ამბობს იოზვიაკი.
„[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.
ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.
რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - წერია დოკუმენტში, რომელიც, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.
უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს კი საბჭო მოუწოდებს „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.
"გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.