გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დეკემბერშიც, ისევე როგორც ნოემბერში, წინა წლებთან შედარებით თბილი დღეები იქნება.
"ვფიქრობდით, რომ წინა წლებთან შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდებოდა ნოემბერში ოკეანეებში [ატლანტის, წყნარ და ინდოეთის] მიმდინარე მოვლენების გამო. წყლის ზედაპირის ტემპერატურა ახდენს ხოლმე ატმოსფეროსა და ციკლონებზე გავლენას. დეკემბერშიც, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. წყლის ზედაპირის ტემპერატურა განაპირობებს ხოლმე გრძელვადიან პერიოდში როგორი იქნება თვე", - ამბობს სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.
როგორი იყო ნოემბერი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს, რომ ნოემბერში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 2-3 გრადუსით. მისივე თქმით, გასულ თვეში დასავლეთი უფრო ნალექიანი იყო, აღმოსავლეთი კი - ნორმის ფარგლებში.
ნოემბრის დასაწყისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო:
- 5 ნოემბერს ფოთში - 29 გრადუსი;
- 5 ნოემბერს ზუგდიდში - 28 გრადუსი;
- 1,2,4 ნოემბერს თბილისში - 24 გრადუსი.
"26 ნოემბერი იყო გასული თვის ბოლო რიცხვებიდან ისეთი დღე, რომელიც მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა. წინა დღეებში დაიწყო ჰაერის ტემპერატურამ მატება და ამ დღეს პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.
26 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა იყო:
- ბათუმში - 27 გრადუსი;
- ქუთაისში - 23 გრადუსი;
- გორში - 20 გრადუსი;
- თბილისში - 21 გრადუსი;
- ბოლნისში - 22 გრადუსი.
როგორია ხოლმე დეკემბერი?
როგორც ყველა სხვა სეზონზე, ზამთარშიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთისგან განსხვავებულია ხოლმე.
დეკემბერში საშუალო ტემპერატურა ასეთია ხოლმე:
დასავლეთი საქართველო:
- 7-8 გრადუსი - დაბლობში;
- 2-3 გრადუსი - მთაში;
- -2-0 გრადუსი - მაღალ მთაში.
აღმოსავლეთი საქართველო:
- -2-0 გრადუსი - მთაში;
- -4-2 გრადუსი - მაღალ მთაში;
- 1-2 გრადუსი - შიდა ქართლში;
- 3-4 გრადუსი - ქვემო ქართლში;
- 2-3 გრადუსი - კახეთში
ეკონომიკურად აქტიური ქალაქები:
- 4 გრადუსი - თბილისში;
- 8 გრადუსი -ბათუმში.
როგორი იქნება დეკემბერი?
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დეკემბრის პირველი რიცხვები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თბილი ამინდებით დაიწყო. განსაკუთრებით - ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა 3 დეკემბერს იყო:
- ზუგდიდში - 25 გრადუსი;
- ბოლნისში - 19-21 გრადუსი;
- თბილისში - 19 გრადუსი;
სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ფიქრობს, რომ დეკემბერში, ნოემბრის მსგავსად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექის რაოდენობა კი - ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე მაღალი.
"დეკემბერი თბილად დაიწყო... მაღალმთიან რეგიონებში ველოდებით ამინდის გაუარესებას და თოვლჭყაპს. 11-დან 14 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექი იქნება და შესაძლებელია ბარშიც მოვიდეს თოვლი. არ არის გამორიცხული, რომ თბილისშიც თოვლჭყაპი იყოს", - ამბობენ სააგენტოში.