ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის წინ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველთან კონსტანტინე კოჩიევსა და მის სოხუმელ კოლეგა ირაკლი ტუჟბასთან ერთად მომავალი შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი შეათანხმა.
მოსკოვი თბილისის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების შემუშავებას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის?„უკანასკნელ პერიოდში სასაზღვრო ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზგასმულია თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული გარანტიების დაუყოვნებლივი შემუშავების საჭიროება და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება, მისი შემდგომი დემარკაციით”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება.
ე.წ. სასაზღვრო ინციდენტში, მოსკოვი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ასევე ნახეთ საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეთა სიები - რა მოჰყვა თამაზ გინტურის მკვლელობას?6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიის ნიშთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეაღეს. ამის შემდეგ მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაესხნენ, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ასევე ნახეთ ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს - რას ამბობენ სოხუმსა და ცხინვალში?ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი წინადადება ქართული მხარისთვის მიუღებელია.