უკრაინა და პოლონეთი საზღვარზე ბლოკირების შესაწყვეტად პირობების შეთანხმებას ცდილობენ

მოლაპარაკება პოლონურ მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილებსა და უკრაინელ მძღოლებს შორის. კორჩევა. 1 დეკემბერი, 2023 წელი

უკრაინის რეკონსტრუქციისა და პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთად მუშაობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის ბლოკირების შეწყვეტის პირობებზე და მათ ნაწილზე უკვე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ რეკონსტრუქციის სამინისტრომ 1 დეკემბერს, ვარშავაში მხარეების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ უგრინოვი-დოლგობიჩოვის საგუშაგოს გახსნაზე ცარიელი სატვირთო მანქანების გასატარებლად, რათა გაიზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა, შემცირდეს დატვირთვა სხვა საგუშაგოებზე. შეთანხმება ეხება ასევე ცარიელი მანქანებისთვის ცალკეული გამშვები ზოლების შექმნას იაგოდინ-დოროგუსკისა და კრაკოვეც-კორჩევას საგუშაგოებზე.

პოლონური მხარე ითხოვს უგრინოვი-დოლგობიჩოვის და ნიჟანკოვიჩი - მალხოვიცეს ექსპლუატაციას მხოლოდ ევროკავშირის რეგისტრაციის მქონე ტრანსპორტისთვის. „ეს პოზიცია მიუღებელია უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის, რადგან ეს არის დისკრიმინაციული ნორმა სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, - ნათქვამია ცნობაში.

პარალელურად, რეკონსტრუქციის სამინისტრო ავითარებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოაგვარებს სიტუაციას საზღვარზე რიგებთან დაკავშირებით და შეამცირებს დაძაბულობას საგზაო ტრანსპორტის საკითხში.

უკრაინის სასაზღვრო დაცვა იტყობინება 1 დეკემბერს, რომ დილით უკრაინა- პოლონეთის საზღვარზე, სულ, უკრაინაში შესასვლელად რიგში იდგა 2100 სატვირთო მანქანა. უკრაინელი მძღოლები, რომლებიც ორი კვირაა ელოდებიან პოლონეთთან საზღვრის გადაკვეთას კორჩევა-კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე, აცხადებენ, რომ შეიძლება შიმშილობა გამოაცხადონ. მძღოლების თანახმად, 30 ნოემბრის შეთანხმება, რომ პოლონეთის მხარე ერთ საათში შვიდ ავტომანქანას გაატარებდა, დაირღვა და კვლავ ერთ საათში მხოლოდ ერთ სატვირთო ავტომობილს უშვებენ.

6 ნოემბერს დაიწყეს საპროტესტო აქცია პოლონელმა გადამზიდავებმა, რომლებიც სხვათა შორის, ევროკავშირისგან მოითხოვენ უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ, საგანგებო გამშვები სისტემის შემოღებას.

ასეთივე ვითარებაა უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზეც, სადაც უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უჟგოროდ-ვიშნე ნემეცკეს გამშვებ პუნქტში რიგში დგას 600 ავტომანქანა.

უნგრეთის საზღვართან, გამშვებ პუნქტ ტისასთან გაჩერებულია 1000 სატვირთო ავტომანქანა.