ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენების ბრალდებით კაცი დააკავეს

ბრალდებულის დაკავების კადრები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 44 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენება ედება ბრალად. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კაცი დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე. გამოძიება კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით - კერძო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერისთვის.