რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს, 30 ნოემბერს, იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ნატოს წევრი ჩრდილოეთი მაკედონია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.
28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.
რუსული სააგენტოების თანახმად, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიცაა.
ასევე ნახეთ ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამოეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.
ასევე ნახეთ ეუთოს მინისტერიალში საქართველოს საგარეო მინისტრის მონაწილეობაზე უარი გაუგებარი იქნება - კობახიძეევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ამ წესის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ცხინვალის რეგიონში.