ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა აქვეყნებს კადრებს, რომლებიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან და ასახავს საოკუპაციო ძალების გადაადგილებას სოფლის სიახლოვეს. კადრებში ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოცამდე შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელოვნურად მოწყობილ თავდაცვით ბარიერთან არიან კონცენტრირებული.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ კადრები 29 ნოემბრის ვითარებას ასახავს და რომ დღეს სოფლის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნამდვილად დაფიქსირდა საოკუპაციო ძალების გადაადგილება. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საოკუპაციო ძალები პერიოდულად გადაადგილდებიან ხოლმე ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში და ყველა ასეთ შემთხვევას ქართული მხარე განიხილავს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის დისკუსიის ფორმატზე.
სუს-ის მიერ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის?