შუამავლები ცდილობენ ღაზაში ზავი კვლავ გააგრძელონ

წითელი ჯვრის წარმომადგენლები "ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან. რაფაჰი, 28 ნოემბერი, 2023.

ოთხშაბათს საერთაშორისო შუამავლები განაგრძობდნენ მუშაობას ღაზაში ზავის გახანგრძლივებაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ „ჰამასი“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა აშშ-სა და ევროკავშირში, გააგრძელებს მის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას იმის სანაცვლოდ, რომ ისრაელის ციხეებიდან გამოუშვებენ პალესტინელ პატიმრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზავო შეთანხმების ვადა ერთ დღეში იწურება.

ისრაელი მიესალმა ათეულობით მძევლის გათავისუფლებას უკანასკნელი დღეების განმავლობაში და თქვა, რომ გააგრძელებს მას, თუკი „ჰამასი“ განაგრძობს მძევლების გათავისუფლებას. მაგრამ მისი მთავარი მიზანი - „ჰამასის“ განადგურება - შესაძლოა მიუღწეველი დარჩეს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 24 ნოემბრიდან მოქმედებს. შესვენება უნდა გამოყენებულ იქნეს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვების, ასევე პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.

დროებითი ზავი თავდაპირველად ოთხი დღით შეათანხმეს. ამ ხნის განმავლობაში ისრაელში დაბრუნდა 80-მდე მძევალი, ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 180-მდე პალესტინელი პატიმარი.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება 27 ნოემბერს კიდევ ორი დღით გააგრძელეს ფორმულით - ყოველდღე 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება 30 პალესტინელის სანაცვლოდ. მედიის თანახმად, ამის შემდეგ დროებითი ზავი შესაძლოა კიდევ ორი დღით გაგრძელდეს.

კონფლიქტის მოგვარების საქმეში სხვებთან ერთად შუამავლების როლში გამოდიან ეგვიპტე და კატარი. ამჟამად დოჰაში იმყოფებიან ეგვიპტის, კატარის, ამერიკისა და ისრაელის ოფიციალური პირები. კატარის დედაქალაქში ასევე ჩავიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი.