იაპონიის სანაპიროსთან ჩამოვარდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი

საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული კონვერტოპლანი Osprey

იაპონიის სანაპიროსთან, კუნძულ იაკუშიმასთან, ჩამოვარდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი Osprey, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურმა კატასტროფის რაიონში საპატრულო კატერი და თვითმფრინავი გაგზავნა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით ნაპოვნია 1 ადამიანი, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არაფერს იუწყებიან.

კატასტროფამდე იაკუშიმის აეროპორტმა ამერიკელი სამხედროებისგან მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავს საგანგებო ვითარებაში დაშვება სჭირდებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Osprey წარმოადგენს კონვერტოპლანს, ანუ საფრენ აპარატს, რომელსაც როგორც ვერტმფრენის, ისე თვითმფრინავის ფუნქციები აქვს.

CNN-ის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში, ავსტრალიაში წვრთნების დროს, Osprey-ს ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის შედეგად 3 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. 2022 წელს Osprey-ს ჩამოვარდნის ორი შემთხვევა იყო: კალიფორნიაში, შეერთებული შტატების არმიის სწავლებისას და ნორვეგიაში ნატოს წვრთნების დროს. კალიფორნიაში 5 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ნორვეგიაში კი - 4.