დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში სამონადირეო ლიცენზია გაუუქმეს

დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ლიცენზია ძალადაკარგულია.

ასევე ნახეთ „წინასწარ არაფერს ვიტყვი“ - უპასუხო კითხვები რაჭის ტყეების გარშემო

"კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები", - წერია განცხადებაში.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელსაც რაჭის ტყეების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტიდან ეკუთვნის, სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბის, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

15 ნოემბერს გავრცელდა „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - თქვა დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებდა, რომ ამის გამო დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გასაუქმებლად.