თბილისის საქალაქო სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

კაბუ(კახა აბუაშვილი), მომღერალი

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს და მსახიობს, კაბუს (კახა აბუაშვილს), თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 10 000 ლარი, შეუფარდა. თანხის გადახდის შემდეგ კაბუ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით სანაძემ კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. ალტერნატივის სახით კი შუამდგომლობა დააყენა გირაოს, 5 000 ლარის, შეფარდებაზე. პროკურორი კი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, კახა აბუაშვილი განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის ოთხჯერ არის ნასამართლევი. როგორც პროკურორმა გიორგი გოგოლაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

რაც შეეხება საქმის გარემოებას, პროკურორმა განაცხადა: „კახა აბუაშვილმა საღამოს საათებში აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა დაზარალებული *, ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ასევე, დანით დაემუქრა დაზარალებულს".

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კაბუ ავტომანქანაში ინახავდა „პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს".

დაცვის მხარემ პროკურორის პოზიცია არ გაიზიარა. ადვოკატის განმარტებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, როგორც სანაძემ თქვა, ის კაბუს არ ეკუთვნის.

დავით სანაძემ დაამატა, რომ კახა აბუაშვილს ამ დროისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

კახა აბუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) - 2 წლამდე პატიმრობა;
  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) - 1 წლამდე პატიმრობა;
  • 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) - 6 წლამდე პატიმრობა.

პროკურორი აცხადებს, რომ კახა აბუაშვილისთვის შეფარდებულ გირაოს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

კაბუს დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ნოემბერს, გავრცელდა.

* განახლება

პროკურორიის ციტატიდან წაშლილია დაზარალებულის სახლი და გვარი, ადვოკატის მითითების საფუძველზე.