ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა

ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მარშში, რომელიც კვირას, 26 ნოემბერს, ლონდონში გაიმართა.

ორგანიზატორებმა მსვლელობა ჩაიფიქრეს პალესტინელების მხარდასაჭერად ევროპის ქალაქებში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, გამართული მრავალათასიანი აქციის ფონზე. ლონდონში წინა დღეს დაახლოებით 45 ათასი ადამიანი შეიკრიბა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო აქციაზე.

კვირას ლონდონში გამართული მარშის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ბრიტანელები ებრაელების მხარდამხარ" და "ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიზმს". პოსტერებზე ასევე გამოსახული იყვნენ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელები.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ლონდონის პოლიციამ მხოლოდ ოქტომბერში ანტისემიტიზმით მოტივირებული 554 დანაშაულის შესახებ მიიღო ინფორმაცია. გასული წლის იმავე პერიოდში ორმოცზე ცოტა მეტი ასეთი დანაშაული მოხდა. ამავე დროს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ისლამოფობიით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.