რთული ოპერატიული ვითარების გამო ქალაქ ავდეევკიდან გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია

ქალაქ ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რომ 26 ნოემბრის მონაცემებით, ავდეევკაში რჩება 1336 ადამიანი, რომლებიც იქ რუსეთის მხრიდან თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

"ევაკუაცია გრძელდება. წასვლის მსურველთა რიცხვი გარკვეულწილად შემცირდა. დღეს ოთხი ადამიანი გამოიყვანეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხვალისთვის ცოტა მეტის ევაკუაცია იგეგმება. ჩვენ გადავხედავთ უსაფრთხოების კომპონენტს, რადგან მტერი ამინდის პირობების მიუხედავად, კიდევ უფრო იყენებს FPV დრონებს. დღესდღეობით ქალაქში 1336 ადამიანი რჩება", - აღნიშნა ბარაბაშმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის იერიშის გამო ავდეევკას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. 9 ნოემბრის მონაცემებით, ქალაქში 1542 ადამიანი იყო.

რუსული ჯარები ავდეევკასთან 10 ოქტომბერს გააქტიურდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ქალაქის დამცველთა პოზიციებს რუსეთი უტევს დიდი რაოდენობით ტანკების, სხვადასხვა ჯავშანტექნიკის, ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით.
28 ოქტომბერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდეევკაზე შეტევის დროს თითქმის ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა 2023 წლის განმავლობაში.

მაგრამ რუსეთი არ წყვეტს იერიშებს. რუსი სამხედრო ბლოგერებისა და ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის არმიამ შეძლო პოზიციების გამაგრება ქალაქის ე.წ. „პრომზონაში“.

გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ ხდება რუსეთის არმიის ძალების კონცენტრირება კრასნოგოროვკაში, ქალაქის ჩრდილოეთით და რუსეთი ავდეევკის გარნიზონზე ახალი, ძლიერი დარტყმისათვის ემზადება.

რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.