„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 უცხოელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა“ შაბათ საღამოს ისრაელში მძევლად აყვანილი 17 ადამიანი გადასცა "საერთაშორისო წითელ ჯვარს".

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ ტერორისტულად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ შაბათ საღამოს "საერთაშორისო წითელ ჯვარს" გადასცა ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 17 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელმა გაათავისუფლა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი.

გაცვლა დაგეგმილი იყო შუადღისას, მაგრამ ადგილობრივი დროით 23.00 საათისთვის განხორციელდა. შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიან უოტსონმა განაცხადა.

შაბათს მომხდარი გაცვლა მეორეა ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელელი და ტაილანდის 4 მოქალაქეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს.

თითქმის ყველა გათავისუფლებული ისრაელელი კიბუც ბერის მკვიდრია. ეს დასახლება 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია: დაიღუპა 100 ადამიანი, 50 გაიტაცეს, მათ შორის - რვა ბავშვი და ხუთი ქალი. ექიმების განცხადებით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იუწყებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება 21 წლის ქალს.

სანაცვლოდ, ისრაელმა შაბათს 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა: ექვსი ქალი და 33 მოზარდი.

როგორც გაზეთი "ჰაარეცი" წერს, შაბათს გაცვლილი პატიმრებიდან ერთ-ერთის სახელი ცნობილია. ეს არის ისრა ჯაბისი, რომელიც 2015 წელს დააპატიმრეს. მის მანქანაში გაზის ბალონი მას შემდეგ აფეთქდა, რაც პოლიციამ გააჩერა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. აფეთქებისას მძიმედ დაშავდა 31 წლის პალესტინელი ქალი, ისევე როგორც ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დააკავა.

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრა ჯაბისი ისრაელში მიდიოდა და თვითმკვლელ ტერორისტობას გეგმავდა. არაბულმა წყაროებმა ინციდენტს გაზის ბალონის გაუმართაობის შედეგი უწოდეს. მათი განცხადებით, ისრა ჯაბისს ბალონი სახლში მიჰქონდა.

საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს. ზოგიერთი მათგანი უკვე გაცვალეს ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტის დროს, რომელიც ძალაში პარასკევს დილით შევიდა. შუამავალი ქვეყნები აცხადებენ, რომ ესწრაფვიან ზავის გაგრძელებას უფრო ხანგრძლივი ვადით.

ასევე ნახეთ

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, შედის დახმარების დიდი ნაკადი


კვირას დილით ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელს მძევლების სია გადასცა. მასში შედიან 13 ისრაელელი და შვიდი უცხოელი, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ. საპასუხოდ, ისრაელი თავისი ციხეებიდან პალესტინურ მხარეს 39 პატიმარს გადასცემს.