2023 წლის პირველ ცხრა თვეში თითქმის 68 ათასმა რუსმა განაცხადა, რომ მიიღო მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა სხვა ქვეყნებში, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ამის შესახებ სააგენტო TASS-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს 38 ათას რუსმა აცნობა სხვა ქვეყნების მოქალაქეობის, დანარჩენმა 30 ათასმა - სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების შესახებ დოკუმენტის მიღების შესახებ.
"ძირითადად წელს, განსაზღვრულ პერიოდში და ამავე პერიოდში გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეებს ეცნობათ მათი მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლება დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის შესახებ ისრაელში, თურქეთში, სომხეთში, გერმანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უკრაინაში, ესპანეთში, ფინეთში, ყაზახეთში, საქართველოში, კვიპროსსა და აშშ-ში", - იტყობინება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
იმ პირთა რეალური რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა ან სხვა ქვეყნის ბინადრობის ნებართვა, შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან ზოგიერთმა რუსმა შეიძლება ამის შესახებ არ შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს. რუსეთის ხელისუფლებისათვის მეორე მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების შეუტყობინებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება, ხოლო "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გასულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. "როსსტატის" მონაცემებით, 2022 წელს 24 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა რუსეთი. ეს თითქმის სამი მილიონით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
2022 წელს რუსეთის 16 920 მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, უცნობია რუსების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც წავიდნენ და საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩნენ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსები, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინას რუსეთთან ომში, მაგრამ გადაწყვიტეს რუსეთში დაბრუნება ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, უნდა შემოწმდეს ღალატის მუხლით. ვოლოდინი რუსეთში დაბრუნების შემდეგ "მაგადანით" დაემუქრა მათ, ვინც უკრაინას მხარს უჭერდა და ქვეყანა ამის გამო დატოვა.