უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, რუსეთმა 76 სამგზავრო თვითმფრინავი დაკარგა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RBC-ს, ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განუცხადა.
მისი თქმით, 76 თვითმფრინავი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ტექნიკურ ავტოსადგომებზე, აეროპორტებში დააკავეს, რასაც რუსეთი არ მოელოდა.
ლაპარაკია რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე, რომლებიც საზღვარგარეთ დაფრინავდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ. ეს თვითმფრინავები ძირითადად უცხოურ კომპანიებს ეკუთვნოდა და ისინი რუსულ ავიაგადამზიდველებს ლიზინგით ჰყავდათ ექსლუატაციაში.
საველიევის თანახმად, რუსეთში ამჟამად 1167 სამგზავრო თვითმფრინავი ფუნქციონირებს. მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა უცხოური წარმოებისაა. სანქციების დაწესების შემდეგ, იჯარით აღებული თვითმფრინავები გადაეცა რუსულ რეესტრს და დაზღვეულია რუსული სადაზღვევო კომპანიების მიერ. როგორც საველიევმა პირდაპირ თქვა, "ჩვენ სხვისი ქონება მივითვისეთ". გასული წლის ივნისში მინისტრმა თქვა, რომ რუსული ავიაკომპანიები აგრძელებენ ფრენების შესრულებას 11 ქვეყანაში, რომლებისგანაც არსებობს გარანტია, რომ ისინი არ დააპატიმრებენ თვითმფრინავებს.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები არ ყოფილა. ვინაიდან სანქციები ითვალისწინებს რუსული თვითმფრინავების ფრენების აკრძალვას დასავლეთის ქვეყნებში და პირიქით. Boeing-მა და Airbus-მა შეაჩერეს რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა.