უკრაინას სჭირდება "სამი მთავარი გამარჯვება", რომლებიც "სტიმულს მისცემს მას რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლველად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში.
ზელენსკიმ თქვა, რომ "პირველი გამარჯვება" იქნება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების შესახებ. „მეორე გამარჯვება“ ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება. კერძოდ, უკრაინამ უნდა მიიღოს 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი, განაცხადა მან. "მესამე გამარჯვება" არის დიალოგის დაწყება ევროკავშირში უკრაინის მომავალ წევრობის გარშემო, განაცხადა ზელენსკიმ.
24 ნოემბერს კიევს სტუმრობდნენ ბალტიისპირეთის ორი სახელმწიფოს ლიდერები, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე, რომლებმაც რუსეთთან ომში ურყევი დახმარება აღუთქვეს კიევს.
უკრაინის პრეზიდენტმა 24 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ახორციელებს რეფორმებს ჯარების მობილიზების პროგრამისთვის, რადგან რუსეთთან ომი მძვინვარებს და მას დასასრული არ უჩანს. კიევი არ ამხელს ცოცხალი ძალის დანაკარგებს და არც მობილიზაციის პროგრამაზე მუშაობის მიმდინარეობას, რომელიც ხორციელდება მას მერე, რაც რუსეთი ამ ქვეყანაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში.
ზელენსკიმ თქვა, რომ მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს უბრძანა წინადადებების შემუშავება. მან არ გაამხილა რეფორმების დეტალები.
მისი თქმით, განხილული იქნება სამხედრო-სამედიცინო კომისიებისა და გაწვევის ცენტრების საკითხები. უკრაინა მზარდი წნეხის ქვეშაა გაწვევის სფეროში, რადგან ბრძოლა უწევს რუსეთის ბევრად დიდ არმიასთან. გაწვევის სისტემაში იყო სკანდალები, ერთი მხრივ, ქრთამის აღების და ასევე არმიაში გაწვევის უხეში ტაქტიკის გამოც.
ამ კვირის დასაწყისში, რამდენიმე უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ისინი ამზადებენ მრავალმხრივ იურიდიულ კანონპროექტს მობილიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. აგვისტოში ზელენსკიმ გაათავისუფლა უკრაინის რეგიონული სამხედრო გაწვევის ცენტრების ყველა ხელმძღვანელი, რადგან დაფიქსირდა კორუფციისა და ჯარისთვის თავის არიდებაში მონაწილეობის მრავალი შემთხვევა.