საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მომავალი წლის იანვრიდან დაახლოებით 500 ლარით გაიზრდება სკოლებში სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ხელფასი. მისი თქმით, სისტემაში არსებული ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელს განათლების მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას მოხმარდება.
"ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ".
მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელთა ხელფასი არა იანვრიდან, არამედ მომდევნო სასწავლო წლის დაწყებიდან უნდა გაიზარდოს.
განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავედ ითვლება მასწავლებელი, თუ ის დატვირთულია კვირაში მინიმუმ 18 საათით. უფრო დეტალურად კი, ვის გაეზრდება ხელფასი, დეკემბერში გახდება ცნობილი, როგორც ეს მინისტრმა თქვა.