ხერსონის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ ხერსონის რაიონის სოფელ ჩერნობაევკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შედეგად. კიდევ ხუთი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს თქმით, ჩერნობაევკის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 60-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობა.
დღესვე რუსმა სამხედროებმა ქალაქ ბერისლავში დრონიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 70 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის დროს ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.
რუსულმა არმიამ საარტილერიო ცეცხლი დაუშინა ხერსონის რაიონის სოფელ ანტონოვკას. იქ ჭურვის ნამსხვრევის შედეგად დაშავდა 51 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2022 წლის შემოდგომაზე დეოკუპაციის შემდეგ, ხერსონს რუსეთის არმია ყოველდღიურად ბომბავს. რუსეთის ჯარები ყოველდღე რამდენიმე ასეულ ჭურვსა და რაკეტას უშენენ რეგიონულ ცენტრს.
22 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა ხერსონს 29 ჭურვი ესროლეს. ამავე დროს, ზოგადად, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის არმიამ 65-ჯერ დაბომბა უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი რეგიონის ტერიტორია. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ასევე ნახეთ
წინსვლა ხერსონში - უკრაინის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე