საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით მადლობას უხდის ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის და საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის.
"ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან, რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ასევე ნახეთ "დაისაჯონ გინტურის მკვლელები" - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.