სოფელ კირბალში პოლიციაა მობილიზებული

ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ემიჯნება, პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე ეკიპაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილდება და გადაკეტილი აქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშისკენ მიმავალი გზა. დასავლეთ ქედზე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოძრაობენ და ვითარებას აკვირდებიან.

ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან არის. იქიდან ჩანს ახლა უკვე ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიში.

კირბალელები ამბობენ, რომ 6 ნოემბრის შემდეგ სოფელში საპოლიციო ძალების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ და უსაფრთხოება გაძლიერებულია. მიუხედავად ამისა, მათ სასაფლაოზე გასვლის მაინც ეშინოდათ, რადგან იქ ხშირად ჩნდებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ადგილობრივებს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ ხოლმე. მათი თქმით, რომ არა პოლიცია, სოფლის ეკლესიაში წასვლას ბევრი დღესაც ვერ გაბედავდა.

კირბალის სასაფლაოზე, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის საფლავთან მივიდა. დოთიაშვილი 6 ნოემბერს გინტურთან ერთად ლომისის ეკლესიის ნიშში იმყოფებოდა. იმ დღეს რუსმა სამხედროებმა უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, მოლაპარაკების შედეგად. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს.

2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. ამის მიუხედავად, კირბალელები ლომისის ეკლესიის ნიშთან მისვლას მაინც ახერხებდნენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეკლესიის კარი ზაფხულში ლითონის ფირფიტით დალუქეს, თუმცა ეს ფირფიტა ადგილობრივებმა მოხსნეს და ეკლესიის კარი შეაღეს. შემოდგომის დასაწყისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ მივიდნენ სალოცავში და ამჯერად კარი სამშენებლო ქაფით ჩაჭედეს.

6 ნოემბრის საღამოს კი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ეკლესიის კარი ისევ გააღეს. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.