ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში პატრულირებისას გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი.
შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დღეს, 23 ნოემბერს დილით, სამხედრო გემმა Thomas Hudner-მა ჩამოაგდო ჰუთი მეამბოხეების მიერ იემენში კონტროლირებული რაიონიდან გაშვებული რამდენიმე დრონი.
ამერიკული სარდლობის თანახმად, გემი არ დაზიანებულა და მისი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
On the morning (Yemen time) of November 23, the USS Thomas Hudner (DDG 116) shot down multiple one-way attack drones launched from Houthi controlled areas in Yemen. The drones were shot down while the U.S. warship was on patrol in the Red Sea. The ship and crew sustained no… pic.twitter.com/TqXuaKsgwe
— U.S. Central Command (@CENTCOM) November 23, 2023
ამ კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ განიხილავს იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების შეიარაღებული დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას მას შემდეგ, რაც მათ წითელ ზღვაში გაიტაცეს სატვირთო გემი Galaxy Leader-ი.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების დაჯგუფებამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის გამო, შურისძიების მიზნით დააკავა ისრაელის გემი და ის იემენის სანაპიროსთან გადაიყვანა. ოფიციალური მონაცემებით, გემი Galaxy Leader-ი ბრიტანულ ფირმას ეკუთვნის, მისი ოპერატორი კომპანია კი იაპონური Nippon Yusen-ია.
საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, გემის ეკიპაჟში 25 წევრია. ისინი ბულგარეთის, მექსიკის, რუმინეთის, ფილიპინებისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ბაჰამის კუნძულების დროშით მცურავი, ავტომობილებით დატვირთული Galaxy Leader-ი თურქეთიდან ინდოეთისკენ მიემართებოდა. იაპონიის მთავრობამ გემის გატაცება დაგმო და განაცხადა, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობს. Galaxy Leader-ი ჯერჯერობით ჰუთი მეამბოხეების ტყვეობაში რჩება.
შეიარაღებულმა ჰუთებმა იემენის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება 2004 წელს დაიწყეს და დაახლოებით ათი წლის შემდეგ ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი სანა.