უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო დახმარების მორიგი ტრანში 1,5 მლრდ ევროს ოდენობით

ევროპის კომისიის შტაბბინა. ბრიუსელი, 17 ივნისი, 2022.

ევროპის კავშირმა უკრაინას გამოუყო მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

„ევროპის მხრიდან დაფინანსება ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას და სახელმწიფო სამსახურებს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ. დღეს გამოვყოფთ ახალ 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინის მიმართ ჩვენმა დახმარებამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. კიდევ უფრო მეტი იქნება“, - დაწერა მან სოცქსელ X-ში.

უკრაინამ ევროკავშირისგან დახმარების წინა ტრანში ოქტომბერში მიიღო. მაშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი იტყობინებოდა, რომ მთლიანობაში 2023 წელს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერამ 15 მილიარდ ევროს მიაღწია.

მასშტაბური მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინა ევროკავშირისგან საერთო ჯამში 18 მილიარდ ევროს მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროკავშირი ამზადებს 2024-2027 წლების პერიოდში უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობით. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა 14-15 დეკემბრის სამიტზე უყრის კენჭს ამ პაკეტს. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ დახმარება შეიძლება უნგრეთმა დაბლოკოს.

ამავე დროს ევროკავშირში ამბობენ, რომ მოეპოვებათ გეგმა „ბ“, თუკი ბუდაპეშტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.