დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს - რა წერია მასში

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში

დეოლიგარქიზაციის შესახებ სამთავრობო გეგმა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის არიდებაა, 7 პუნქტს მოიცავს. დოკუმენტში საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობასა და პარტიების ფინანსების მონიტორიგზე, ფულის გათეთრებასთან ბრძოლასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე. ასევე, კონკურენციის შექმნაზე, მართლმსაჯულებასა და მედიაზე.

სამთავრობო გეგმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს.

"ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას... ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას", - წერია დოკუმენტში.

მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, საქართველოში, ასევე, იგეგმება:

  • მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება;
  • სხვადასხვა ინსტიტუტს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გავლენის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის;
  • მსგავსი გავლენის რეგულარულად შეფასებას.

"სამოქმედო გეგმა თავისთავად არ არის საბოლოო მიზანი. არამედ, ეს არის დიდი ძალისხმევის ნაწილი უფრო მდგრადი ინსტიტუციების შექმნისა და გასული ათწლეულების დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებისთვის. ეს არის ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური სისტემების სრული ჰარმონიზაციისკენ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის გზას ადგას", - წერია დოკუმენტში.

უფრო დეტალურად, რა წერია საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმაში:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველოში არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ერთ-ერთი რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, იგეგმება მისი შესაძლებლობების გაძლიერება.

"ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც, მათ შორის, გულისხმობს ყოველწლიურ ანგარიშგებას... ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არქიტექტურა..." - წერია დოკუმენტში.

კორუფციის საკითხებზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ნაკლოვანია, რადგან ის ახლადშექმნილ სახელმწიფო უწყებას გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია ამ ბიუროს ხელმძღვანელის (პრემიერისგან) დანიშვნის წესიც.

სახელმწიფო შესყიდვები

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და მცირედი გამონაკლისების გარდა, 2010 წლიდან ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომია ონლაინ, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2023 წელს პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კი ქვეყნას "ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან".

მთავრობა გეგმავს შესყიდვების ელექტრონული სისტემის განახლებას და ამით გამჭვირვალობის, მრავალფეროვნებისა და მიუკერძოებლობის გაზრდას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თითქმის ყოველთვიურად აქვეყნებს მასალებს სავარაუდო საეჭვო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ასეთი მასალა გამოქვეყნდა 2023 წლის 27 ოქტომბერს, რომელშიც ეწერა, რომ "ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო".

კონკურენცია სავაჭრო ურთიერთობებში

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - "კონკურენციის სააგენტო", რომელსაც კანონი მოკვლევის ჩატარებისა და ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად აცხადებს, რომ სამომავლო მიზანია კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და კონკურენციის სააგენტოს ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მართლმსაჯულება

სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოში "მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასთან, დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმები" განხორცირელდა, შეიცვალნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (ვინც მოსამართლეებს ნიშნავს) წევრები. მართლმსაჯულება არის საკითხი, რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ.

მაგალითად, საქართველოს მთავამა პარტნიორმა - აშშ-მ 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლესა და მათ ოჯახებს. სანქცია დაუწესეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე).

ფულის გათეთრება

ფულის გათეთრებასათან დაკავშირებით საქართველოში სპეციალური კანონი - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ". მთავრობა აღნიშნავს, რომ დამატებით ითვალისწინებენ MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციებს.

"შემდეგი ნაბიჯები არის გათვალისწინებული პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულებების ეფექტური კოორდინაციისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სისტემის კიდევ უფრო გასამკაცრებლად, კანონისგან თავის დაღწევის პოტენციური საშუალებების აღმოსაფხვრელად და ღიაობის და საჯარო ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. ეს უზრუნველყოფს ფარული ინტერესების, აქტორებისა და რესურსების მონაწილეობის პრევენციას საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და ასევე ჩამოაყალიბებს ამგვარი რისკების მიმართ უფრო მედეგ სისტემას", - წერია დოკუმენტში.

მთავრობა ეროვნულ სტრატეგიაში პრიორიტეტულ საკითხებს შორის გამოყოფს "ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შემდგომი ეფექტიანობის უზრუნველყოფას".

პარტიების ფინანსების მონიტორინგი

​პარტიების ფინანსების მონიტორინგის საკითხი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა. მთავრობა გეგმავს პოლიტიკური პარტიებს კიდევ უფრო დაუწიოს ხარჯებისთვის განსაზღვრული ზედა ზღვარი. გარდა ამისა, კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

ბოლო ორი წელია პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში კომპანიები იშვიათად წირავენ ფულს. 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წელს, ამ გზით შემოსავლები მიღებული აქვთ როგორც სახელისუფლებო პარტია "ქართულ ოცნებას", ასევე რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოს".

მედია

საქართველოს კანონმდებლობით მაუწყებლობის უფლების მქონე მედიასაშუალებების მფლობელები გამჭვირვალეა და მათ ვალდებულება აქვთ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ კომუნიკაციების კომისიას. მედიამფლობელობასთან დაკავშირებით არსებობს რიგი შეზღუდვები საქართველოს კანონმდებლობაში - ტელევიზია არ უნდა ეკუთვნოდეს პოლიტიკურ პარტიას ანდა პარტიის თანამდებობის პირს. პარლამენტის წევთან დაკავშირებით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს.

ამავდროულად, საქართველოში არსებობს ტელევიზია - POS TV, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის. არხი კრიტიკის გარეშე აშუქებს მთავრობის აქტივობებს. ჯაფარიძე ჯერ პარლამენტის დეპუტატი გახდა და შემდეგ იყიდა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, თუმცა წილების გადაფორმების დროს პრობლემები არ შექმნია.