ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა იმ მძევლების ოჯახებს, რომლებიც 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში ჰყავს დაკავებული პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“. „ჰამასი“ აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან ახლობლებს უამბო დიპლომატიური, სადაზვერვო და ოპერატიული ძალისხმევის შესახებ დატყვევებული ისრაელელების გასათავისუფლებლად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება მანამდე იმუშავებს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული პირების გათავისუფლებაზე, სანამ წარმატებას მიაღწევს.
თავის მხრივ, პალესტინის რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის წინსვლაა საზავო შეთანხმების საკითხში. პალესტინელებმა თავიანთი პასუხი გადასცეს კატარს და ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე სხვა შუამავლებს, აღნიშნა ჰანიამ დეტალების დაზუსტების გარეშე.
ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში. ის 7 ოქტომბერს დაიწყო სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ. მაშინ 1200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240, მათ შორის რამდენიმე ათეული უცხოელი, ჯიჰადისტებმა მძევლებად აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს.
21 ნოემბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯაბალიის ალყაში მოქცევა. ქალაქთან ახლოს არის ამავე სახელწოდების ლტოლვილთა ბანაკი. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, არმიამ ჰაერიდან შეუტია „ჰამასის“ სამიზნეებს, კერძოდ, ქალაქის გარეუბანში მდებარე გვირაბების სამ შახტს.
პალესტინელთა მხარე ისრაელის სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, ამბობს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ სექტორში დაიღუპა 12 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ის უტევს მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო სამიზნეებს, მათ შორის მიწისქვეშ მდებარე ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია სამოქალაქო შენობებს შორის.