„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელთან დროებით ზავს შესაძლოა, მალე მიაღწიონ

ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციებს 2023 წლის 7 ოქტომბრიდან უტევს

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ დღეს, 21 ნოემბერს, გამოაცხადა, რომ ახლოსაა ისრაელთან დროებითი ზავის მიღწევასთან. „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას განცხადება მოძრაობის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

ჰანიას თანახმად, პასუხი კატარელ შუამავლებს უკვე გაუგზავნეს. „ჰამასის“ ლიდერის ეს განცხადება, რომელიც პოტენციური შეთანხმების არანაირ დეტალებს არ მოიცავს, მისმა თანაშემწემ გაუგზავნა სააგენტო Reuters-საც.

20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში შუამავლის მისიას კატარი ასრულებს. ისრაელს პოტენციურ შეთანხმებაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სააგენტო AFP მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა, მოიცვას ცეცხლის 5 დღით შეწყვეტა და „ჰამასის“ და კიდევ ერთი რადიკალური მოძრაობის, „ისლამური ჯიჰადის“ მიერ 50-დან 100-მდე მძევლის გათავისუფლება. გარდა ამისა, ისრაელის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდეს 300-მდე პალესტინელი.

სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გასულ კვირაში წერდა, რომ კატარი „ჰამასს“ და ისრაელს სთავაზობდა 50 მძევლის გათავისუფლებას ცეცხლის 3 დღით შეწყვეტის სანაცვლოდ და დროებითი ზავის პერიოდში ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას.

ასევე ნახეთ ისრაელი იტყობინება, რომ მისმა ჯარებმა „გააფართოვეს“ ოპერაცია ღაზის სექტორში
  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.