"წითელი ჯვრის" პრეზიდენტი ღაზის ომის ჰუმანიტარულ პრობლემებზე შეხვდა "ჰამასის" ხელმძღვანელს

"წითელი ჯვრის" პრეზიდენტი 20 ნოემბერს შეხვდა "ჰამასის" ხელმძღვანელს.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" (ICRC) განცხადებით, მისი პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩი შეხვდა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს.

სპოლიარიჩი 20 ნოემბერს ჩავიდა კატარში ჰანიესთან შესახვედრად ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც წარმოშვა ღაზაში მიმდინარე ომმა. სპოლიარიჩმა ცალკე შეხვედრა გამართა კატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან - იუწყება ICRC განცხადებაში.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, უმეტესობა სამოქალაქო პირი, მძევლადაა აყვანილი 240 ადამიანი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში შუამავლის მისიას კატარი ასრულებს.

თავდასხმაზე პასუხად ისრაელმა ღაზაში დაიწყო სახმელეთო და საჰაერო შეტევა, რომელსაც ემსხვერპლა 13 300-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, მათ შორის ათასობით ბავშვი - იუწყება ღაზის მმართველი "ჰამასი".