შიფიდან ჩვილების ევაკუაციის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლა დაიწყო ღაზის სხვა საავადმყოფოსთან

ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან. 2023 წლის 20 ნოემბერი

20 ნოემბერს ინტენსიური ბრძოლა დაიწყო ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან, რომელსაც კვირების განმავლობაში აფარებენ თავს ათასობით პაციენტი და იძულებით გადაადგილებული პირები - ისრაელი აძლიერებს შეტევას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასისა" და მისი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

ინდონეზიური საავადმყოფოს მეორე სართულს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა - იუწყება "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო.

ამ შეტევამდე ერთი დღით ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შიფის საავადმყოფოდან განახორციელა 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია.