ირანის მხარდაჭერით იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ წითელ ზღვაში დაატყვევა სატვირთო გემი Galaxy Leader-ი.
დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დააკავა გემი, რომელიც ისრაელს ეკუთვნის და ის იემენის სანაპიროსთან გადაიყვანა. ისრაელმა უარყო, რომ გემი მისია. Galaxy Leader-ი ერთ-ერთ ბრიტანულ ფირმას ეკუთვნის, მისი ოპერატორი კომპანია კი იაპონური Nippon Yusen-ია.
საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს, რომ გემის ეკიპაჟში 25 წევრია. ისინი ბულგარეთის, მექსიკის, რუმინეთის, ფილიპინებისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ბაჰამის კუნძულების დროშით მცურავი, ავტომობილებით დატვირთული Galaxy Leader-ი თურქეთიდან ინდოეთისკენ მიემართებოდა. იაპონიის მთავრობამ გემის გატაცება დაგმო და განაცხადა, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობს.
შეიარაღებულმა ჰუთებმა იემენის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება 2004 წელს დაიწყეს და დაახლოებით ათი წლის შემდეგ ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი სანა. ირანის მსგავსად, ეს დაჯგუფება ისრაელს მტრად მიიჩნევს.