უკრაინა პროგრესზე იუწყება დნეპრზე ხიდის პლაცდარმების აგების პროცესში

უკრაინელი სამხედროები მდინარე დნეპრზე, ხერსონთან ახლოს

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის ძალები "3-დან 8 კილომეტრის" მოშორებით უკუაგდეს მდინარე დნეპრის სანაპიროდან, მაშინ, როცა უკრაინის არმია მდინარის აღმოსავლეთ მხარეს ხიდის პლაცდარმებს აგებს.

19 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას არმიის პრესმდივანმა ნატალია ჰიმენიუკმა განაცხადა , რომ "მტერი განაგრძობს საარტილერიო ცეცხლის გახსნას მარჯვენა სანაპიროზე. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს".

ჰიმენიუკის შეფასებით, "ათიათასობით" რუსი სამხედრო უწევს წინააღმდეგობას უკრაინის წინსვლას.

უკრაინის ძალები რამდენჯერმე შეეცადნენ პოზიციების დაკავებას მდინარის რუსეთის მიერ კონტროლირებულ მხარეს და მიმდინარე თვის დასაწყისში გარკვეულ პროგრესზეც იუწყებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსმა რომან სვიტანმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ქსელს, Current Time-ს, უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა აღმოსავლეთ სანაპიროს სამ თუ ოთხ ადგილას განათავსეს პოზიციები.

19 ნოემბერს ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარ 71 შეტაკებაზე. ამ ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებულად ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის რეგიონის ქალაქებთან, ბახმუტსა და ავდეევკასთან. უკრაინის განცხადებით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა 150-მდე დასახლება.