იუწყებიან, რომ რუსეთში წაყვანილი უკრაინელი მოზარდი ერმოხინი ამჟამად ბელარუსში იმყოფება

ბოჰდან ერმოხინი

ბოჰდან ერმოხინმა - 17 წლის ობოლმა ბიჭმა, რომელიც აზოვის ზღვის ოკუპირებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან რუსეთში წაიყვანეს და უკრაინაში დაბრუნებას ცდილობს - რუსეთი დატოვა, იუწყება რუსეთის მედია.

გამოცემა Vyorstka 19 ნოემბერს ერმოხინზე და მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდი ახლა ბელარუსშია, თავის კანონიერ მეურვესთან, უფროს დასთან ერთად.

10 ნოემბერს უკრაინის ომბუდსმენი ბოჰდან ლუბინეტსი აცხადებდა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის პირობებითაც, ერმოხინი შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას. თუმცა ჯერ კიდევ 13 ნოემბერს მოზარდმა Vyorstka-ს უთხრა, რომ შეთანხმების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა.

9 ნოემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ერმოხინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სთხოვა დაბრუნებაში დახმარება.

ერმოხინმა რამდენიმე წლის წინ დაკარგა ორივე მშობელი. მას შემდეგ იგი მარიუპოლში, მეურვე ოჯახში ცხოვრობდა და სწავლობდა მეტალურგიულ სასწავლებელში.

მალევე მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის ძალებმა პორტი დაიკავეს, ერმოხინი რუსეთში წაიყვანეს და მეურვე ოჯახში დაასახლეს. მას რუსეთის მოქალაქეობაც მიანიჭეს.