ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის შენობაში დაბრუნებას ითხოვენ

მოსწავლეებისა და მშობლების აქცია ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან, 18 ნოემბერი

,,დააბრუნეთ ჩვენი შვილები სკოლაში“ - ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ეზოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის გამო, პირველ საჯარო სკოლაში გადაანაწილეს, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

მშობლები შიშობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლის შენობა და ეზო გაიყიდება, რადგან, მათი თქმით, ტერიტორია ხელსაყრელია სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის:

,,სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ დახურული შენობა ნელ-ნელა განადგურდეს, მშობლებმა სხვადასხვა სკოლაში გადაიყვანონ ბავშვები, რათა შემდეგ მცირე კონტინგენტის მიზეზით სკოლა აღარ გაიხსნას და საკმაოდ დიდი ტერიტორია გაიყიდოს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ-ერთი მშობელი ხათუნა გორგოძე. ამ სკოლაში მისი ორი შვილი სწავლობს.

აქციის გზავნილები

მშობლის თქმით, პანდემიის პერიოდში, სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, თავიდან დამონტაჟდა წყალგაყვანილობა და მიმდინარე წლის დასაწყისში ,,საფრთხის შემცველი შენობიდან“ მოსწავლეების გაყვანა კითხვის ნიშნებს აჩენს.

აქციის მონაწილეთა თქმით, სკოლის ცვლილების გამო მოსწავლეებს 30 წუთამდე შეუმცირდათ თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა, მეორე ცვლაში გადასული ბავშვები გვიან ამთავრებენ სასწავლო პროცესს და ვეღარ ასწრებენ სხვადასხვა წრეზე სიარულს.

ერთ-ერთი მშობელი ალექსი მარტინოვი ირწმუნება, რომ სკოლა არ საჭიროებს იმ რეაბილიტაციას, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულა:

„არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სკოლა ნამდვილად ავარიული და საფრთხის შემცველია. ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ სკოლა და მანამდე გამოყონ ტრანსპორტი, ბავშვები სკოლაში ვატაროთ. კი არ გაგვიყვანეს, გაგვყარეს, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, რატომ? პირველი ცვლა დაგვიბრუნონ, თუ იწყება რემონტი, დროულად დაიწყონ, თუ არა და, შეგვიშვან სკოლაში. 40 ბავშვი ზის კლასში, როგორც ექიმი, გეუბნებით, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. არ შეიძლება!“.

პლაკატი აქციიდან

აქციის მონაწილეებს შეხვდა ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის დაგვიანების გამო შეფერხდა:

,,ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნას და იანვარში უკვე ტენდერი დაიდება შენობის აღდგენა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ყველა პროცესი შემჭიდროებულ ვადაში გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე დროში დასრულდება პროცესი. მანამდე კი გეტყვით, რომ 390 მოსწავლე გადანაწილებულია პირველი საჯარო სკოლის უსაფრთხო გარემოში“.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებს გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი. ამბობს, რომ პროცესის დაჩქარებას შეეცდება და ირწმუნება, რომ შენობის გაყიდვა არ იგეგმება:

,,სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ მშობლები შეწუხებულები არიან. მქონდა კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, სამინისტრო მზად არის, რომ სკოლა ჩასვას სარეაბილიტაციო სამუშაოებში, მაგრამ ელოდება სამხარაულის დასკვნას. ჩვენ ჩავერთვებით და დავაჩქარებთ ამ დასკვნის მიღებას. პირადად მქონდა კომუნიკაცია სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შენობის გაყიდვა არ იგეგმება“, - ამბობს ანტონ ობოლაშვილი.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი, რომლის მოსწავლეებიც სხვა სკოლის შენობაში სწავლობენ იმის გამო, რომ მათი სკოლა რემონტდება ან ხელახლა შენდება - იგივე პრობლემა აქვს ათობით სკოლის ასობით მოსწავლეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

განათლების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც რემონტის და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და არც იმას განმარტავს, რამდენ ბავშვს უწევს სხვა სკოლის შენობაში სწავლა მეორე ცვლაში და მოკლე გაკვეთილებით.