რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურა სამხრეთ და ჩრდილოეთ უკრაინაში

რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგები უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში

სამხრეთ და ჩრდილოეთ უკრაინის ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე ღამის ინტენსიური შეტევებისა, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან დრონებით განხორციელდა - იუწყება უკრაინის არმია 18 ნოემბერს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ ჩამოაგდეს შეტევაში გამოყენებული, ირანული წარმოების 38 დრონიდან 29.

"სამწუხაროდ, დარტყმა განხორციელდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოდესის რეგიონში" - აცხადებს არმიის სამხრეთის დანაყოფის პრესსამსახური 18 ნოემბერს. გავრცელებული ცნობებით, დაიჭრა ერთი სამოქალაქო პირი, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს.

ვრცელდება ცნობები, რომ ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა ჩრდილოეთში, ჩერნიშევის რეგიონში, რომელიც მდებარეობს რუსეთთან და ბელორუსიასთან უკრაინის საზღვარზე.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ, მისი მოლოდინით, ზამთრის წინ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკის და გათბობის სისტემებზე. შარშან, ყინვების პერიოდში მილიონობით სამოქალაქო პირი დარჩა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე, ხანგრძლივი პერიოდებით, რასაც აღიქვამდნენ რუსეთის მცდელობად გაეტეხა უკრაინელთა ნება.

ღამით დრონებით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო კიევიც - იუწყებიან ოფიციალური პირები და დასძენენ, რომ ყველა დრონი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქისკენ მიემართებოდა, ჩამოგდებულ იქნა.

უკრაინის არმია 18 ნოემბერს აცხადებს, რომ მისი ძალები სამხრეთის ფრონტზე "პოზიციებს ინარჩუნებენ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე", ხერსონის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ არეალებში.